• White Facebook Icon
  • White Twitter Icon

© National Harm Raduction Conference Tbilisi 2019 

კონფერენციის შესახებ

ზიანის შემცირება არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნაწილი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერვენციების კომპლექსი, რომელიც ხელს უწყობს ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანების კეთილდღეობას და ჯანმრთელობის უკეთეს გამოსავლებს. ფართოდ აღიარებული მტკიცებულება ზიანის შემცირებას აღიარებს როგორც ეფექტიან და გადაუდებელ ზომას, რომელიც იცავს ადამიანებს ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანისა და გაუთვალისწინებელი შედეგებისგან. ასევე ფართოდაა აღიარებული ზიანის შემცირების გავლენა საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და ისეთ გადამდებ დაავადებებზე ეფექტიანი პასუხის უზრუნველყოფაში, როგორებიცაა აივ ინფექცია და C ჰეპატიტი.

საქართველოში ზიანის შემცირება ითვლის დაახლოებით 15 წლიან ისტორიას. შიდსთან, ტუბრეკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი წარმოადგენს ზიანის შემცირების ინტერვენციების დამფინანსებელ ძირითად და ერთადერთ მხარდამჭერს. ზიანის შემცირების პროგრამების დონორულიდან, სახელმწიფო დაფინანსებაზე გარდამავალ პერიოდში, საკვანძო პრიორიტეტია ხარისხიან და უწყვეტ მომსახურებებზე მდგრადი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

ზიანის შემცირების მდგრადობა მიღწევადია, მხოლოდ მნიშვნელოვანი რესურსებისა და შესაძლებლობების გამოყოფის გზით, მისი სრული ინტეგრაციით სოციალურ და ჯანდაცვის სისტემებში, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო წარმომადგენლების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართულობით.   

საქართველოში ნარკოტიკების მოხმარება არის კრიმინალიზებული და ისჯება უფრო მკაცრად ვიდრე ადამიანით ვაჭრობა, განზრახ მკვლელობა ან ტერორიზმი. რეპრესიული და დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა, წარმოადგენს უმთავრეს ბარიერს ადამიანებისათვის ხელი მიუწვდებოდეთ ჯანდაცვის მომსახურებებზე, სოციალურ ჩართულობაზე და ადამიანის უფლებებზე. 

ზიანის შემცირების კონფერენცია 2019 - მიზნად ისახავს ადგილობრივი, რეგიონალური და საერთაშორისო დაინტერესებული მხარეების მობილიზებას და დიალოგის პლატფორმის შექმნას ზიანის შემცირების სფეროს პრიორიტეტულ საკითხებზე, ძირითადი ფოკუსით - დონორული დაფინანსების გარდამავალ პერიოდში ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანებისათვის ჯანდაცვის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და რეპრესიულ ნარკოპოლიტიკაზე, რომელიც ზღუდავს ხელმისაწვდომობას აღნიშნულ მომსახურებებზე.

კონფერენციის მონაწილეები არიან სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, პოლიტიკის შემქმნელები, მკვლევარები, პრაქტიკოსები და დაზარალებული თემი.

კონფერენცია განიხილება, როგორც გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე ზემოქმედების საადვოკაციო მექანიზმი იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას ზიანის შემცირების პროგრამების მდგრადი დაფინანსება, ისევე როგორც რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაცია. 

 

კონფერენცია იბრძვის კრიმინალიზებული, რეპრესირებული და დავიწყებული ადამიანებისათვის ჯანმრთელობასა და ადამიანის უფლებებზე თანასწორი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.